ლევან იზორია: დაკარგული სამხედროების საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს
გონიოს ზღვაში გეგმიური წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საქმეში გარკვეული დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საზოგადოება აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მალე მიიღებს.
„გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები. იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, მალე საზოგადოება მიიღებს ამაზე ინფორმაციას, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძებნის ოპერაციაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟი იყო ჩართული, თუმცა 11- დღიანი სამუშაოების შემდეგ თურქულმა მხარემ სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.
650-ტონიანი თურქული ხომალდი, 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.
აღსანიშნავია, რომ თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართულნი და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.
ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად, თავდაპირველად, ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა, ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა. 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.
საქმეს იძიებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს.