თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა, – ამის შესახებ “კვირას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურში, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადეს.
„შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ თინათინ ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა“, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც “უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და, შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება, რაც უკანონოა.