ლევან იზორია: ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენელი, კაპიტანი მეთიუ ჯანიგა დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია იყო. „მემორანდუმი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა, გვაძლევს კარგ საფუძველს, რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, საჯარისო დანაყოფების ოპტიმიზაცია, სასწავლო წვრთნები მათთვის და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვითი შეიარაღების შეძენის შესაძლებლობა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროს ახალ, მომავალი ოთხი წლის სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას ითვალისწინებს. სტრატეგიის შემუშავების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ეროვნული უშიშროების საბჭო, ნატოს ძირითადი ჯგუფი, CUBIC-ის (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლები, ასევე სხვა უცხოელი პარტნიორები. „ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები აქტიურად იქნებიან ჩართული პროცესში, რომელიც დავიწყეთ. იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე, ჩვენი უცხოელი პარტნიორების აქტიური მონაწილეობით შეიმუშავებენ სტრატეგიას მომავალი ოთხი წლისთვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსაც. „სექტემბერში დაგეგმილია ორმხრივი წვრთნები. ოქტომბერში კი, საქართველოში თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს ველოდებით. ასე რომ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრთან განხილული საკითხები შეაჯამა აშშ-ის ელჩმა: „მოხარული ვარ მინისტრთან შეხვედრით. ჩვენ ერთმანეთთან მანამდეც ვთანამშრომლობდით. შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რადგან თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი. მზადყოფნას გამოვხატავთ საქართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მხარდასაჭერად, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება დასავლეთს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ახალ მიმართულებებშიც თანამშრომლობს, რაც შიდა რეფორმების განხორციელებასა და აგრესიის შეკავებაში დახმარებას გულისხმობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები