ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს.
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი.
V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმოებული ჰუმანიტარული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.