საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული დანაყოფის გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.
თავდაცის უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ: გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.
„ამ ბრიგადისთვის ეს არ არის პირველი მისია ავღანეთში და დარწმუნებული ვარ, თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ამაყად ჩაიტანთ საქართველოს დროშას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.
დარწმუნებული ვარ,ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის სამხედროები, თქვენც ამაყად ემსახურებით ამ დროშას, დაიცავთ მის ღირსებას და კიდევ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვით ჩვენი სამხედროების კეთილსინდისიერი, გამძლე, გმირული ცხოვრების წესის და ბრძოლისუნარიანობის შესახებ. განსაკუთრებით მივესალმები იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობდით. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა თქვენს მეთაურებთან. იცით, რომ ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა და მინდა, ამ ტრიბუნიდან, თქვენს ბრიგადაში, თქვენი თანდასწრებით გავიმეორო, რომ არასოდეს არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენონ შეურაცხყოფა, უმიზეზოდ გაიშვირონ მათკენ ხელი და შეეხონ ყველაზე უფრო მთავარს, ღირსებას და რეპუტაციას. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის საქმისთვის სრულიად უპრეცედენტო ზომები განვახორციელეთ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს იყო პირველი საგამოძიებო მისია, რომელიც რომელიმე პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან ოდესმე ჩასულა. ძალიან მოკლე ხანში ჩვენ მოვითხოვეთ გაეროსგან ბოდიშის მოხდა თქვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციისთვის მისი რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამას გპირდებით, როგორც თავდაცვის მინისტრი, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი არის თქვენი ღირსება და რეპუტაცია,“ – მიმართა თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს.
ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 32-ე ბატალიონის “ბრავო“ ასეულს ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები