ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დადასტურდა
ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული არ დასტურდება როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული გამოძიებით.
„ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი – ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში გაერო-მ განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც ახალი გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “Code Blue Camnpaig”-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.
“Code Blue Campaign”-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მიმდინარე კვირას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.