ვაზიანში სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა.
საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამოვიდნენ. მათ სამხედრო პოლიციაში განხორციელებულ რეფორმებზე და შეიარაღებულ ძალების განვითარებაში სამხედრო პოლიციის როლზე ისაუბრეს.
სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა ეროვნული გვარდიის მთავარმა მოძღვარმა დალოცა, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებმა მოწვეული სტუმრებისთვის დაკავების ოპერაცია გაითამაშეს.
„სამხედრო პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯარში. მათ მიმართ ნდობა ყველა სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს. სამხედრო პოლიციის სახით უნდა ჰყავდეთ მეგობარი, მხარდამჭერი. სამხედრო პოლიციის მთავარი ამოცანაა, შეიარაღებულ ძალებში ყველაფერი იყოს წესრიგში, აბსოლუტურად დაცული იყოს დისციპლინა. სამხედრო პოლიცია ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციებისა და როლის ადეკვატურად გაცნობიერება. სამწუხაროდ, სამხედრო პოლიციის თანამედროვე ისტორია არ არის მაინცდამაინც ყველაზე საამაყო ფურცელი ქართულ ჯარში. მეტსაც ვიტყოდი, ძალიან ხშირად, ყველაზე მსუყე პრეტენზიები რომელიც შეიარაღებული ძალების მიმართ მოგვისმენია, სწორედ, სამხედრო პოლიციას ეკუთვნის. წელიწადნახევრის განმავლობაში ყველანაირად შევეცადეთ, რომ შეგვეცვალა სამხედრო პოლიციის ინსტიტუციური წყობა და ფუნქციების განაწილება. ძალიან სერიოზული რეფორმა მიმდინარეობს, სამხედრო პოლიცია არის ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს ყველაფერი უნდა გადალაგდეს ნატო-ს სტანდარტის სისტემაზე, გამოირიცხოს ძალაუფლების გადამეტების შესაძლებლობა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი 2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე შეიქმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამხედრო პოლიციის, როგორც ინსტიტუციის განვითარებას.
2008 წლის აგვისტოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ იბრძოდნენ. 2009 წლიდან სამხედრო პოლიცია ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში ჩაერთო ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა – სამხედრო პოლიცია გაძლიერდა საბრძოლო კომპონენტით და შეიქმნა აღმოსავლეთის და დასავლეთის ბატალიონები.
სამხედრო პოლიციის ბატალიონების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული ქვედანაყოფები ღირსეულად ჩაერთნენ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები საბრძოლო ამოცანის შესრულებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები