26 მაისს „დელტამ“ ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა GMM-120 წარმოადგინა

26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მმ იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა. საბრძოლო მანქანაზე მუშაობა „დელტას“ ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია.
ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.
თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები