ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ქართველი სამხედროების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ქართველი სამხედროების მორიგი ნაკადი დაბრუნდა.
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ.
„ჩვენს საქმიანობაში ყველაზე ბედნიერი დღეებია, როდესაც ჩვენი შენაერთები ავღანეთიდან დანაკლისის გარეშე ბრუნდებიან. მათ მოიხადეს ვალი სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ მათ მადლობას ვუხდით გაღებული წვლილისა და გაწეული სამსახურისთვის. ვხვდებით ხელგაშლილები, უდიდესი სიხარულით. ისინი ბრუნდებიან სახლში, საკუთარ ოჯახებთან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს.
ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები