ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სპეციალური კურსი გაიხსნა

ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სპეციალური კურსი გაიხსნა.
კურსის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისთვის შეიარაღებული ძალების განვითარებაში დახმარების გაწევა, გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შეთავაზებაა.
სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენელ ტრენინგის მონაწილეებს კურსის ხელმძღვანელი, კაპიტანი ჰუგო კოლისი შეხვდა, სწავლების მიზნისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ტრენერები გააცნო.
ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი კვირა ბრიტანელების მხრიდან მეთოდოგიისა და ტექნიკის გაცნობას დაეთმობა. მეორე კვირას ყურადღება საბრძოლო უნარ-ჩვევების დაუფლება-გაღრმავებაზე გამახვილდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეებს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მეცადინეობას შესთავაზებენ. სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. კურსი სამხედრო ინსტრუქტორებისთვის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების ორგანიზებით იმართება. ტრენერები „ბრიტანელებისგან დაკომპლექტებული მრჩეველთა და ტრენერთა ჯგუფის“ წარმომადგენლები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები