ვინ არის 14 წლის მოზარდი, რომელიც ქუჩური გარჩევისას მოკლეს – რა მოხდა აჭარაში
ორი დღის წინ ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის ანრი გ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, მოზარდი თანატოლებს ქუჩური გარჩევის დროს შემოაკვდათ. იგი ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
„კვირასთან“ საუბრისას გარდაცვლილის დამრიგებელი ხათუნა ნიჟარაძე მოსწავლეს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ იგი არაჩვეულებრივი მოზარდი იყო.
„უწესიერესი ბავშვი იყო. არც ზედმეტად ცელქი და არც უზრდელი. ისეთივე, როგორც ყველა ბავშვი. ფრიადოსანი არ ყოფილა, მაგრამ არც ცუდი მოსწავლე იყო. არ მახსენდება, რომ მას თანაკლასელებთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონოდეს“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.
ხათუნა ნიჟარაძე მოზარდის გარდაცვალების დღეს ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ვისთან მოუხდა ბავშვს კამათი, მისთვის უცნობია.
მისივე თქმით, ისინი მე-14 სკოლის მოსწავლეები არ ყოფილან.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.