თინა ხიდაშელი: თქვენ ხართ სახე, სახელი და ღირსება ქართული სახელმწიფოსი და ეს არ არის უბრალო სიტყვები
ჩვენ – ყველა ვხვდებით, რომ ბოროტებას არ აქვს საზღვარი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით, ქართული სახელმწიფო წინ აღუდგეს ამ ბოროტებას – ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს, სადაც ავღანეთში სამხედრო მისიაში გამგზავრების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს უსურვა, რომ ღირსეულად ატარონ ქართული დროშა და შინ წარმატებით დაბრუნების იმედი გამოთქვა.
“მართალია, დღეს გაცილების დღეა, კიდევ უფრო საზეიმო და მნიშვნელოვანი დღე იქნება, როდესაც ყველანი მშვიდობით დაგვიბრუნდებით უკან. თქვენ ხართ სახე, სახელი და ღირსება ქართული სახელმწიფოსი და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის რეალობა, რომლითაც საქართველო ცხოვრობს ბოლო 15 წელია. იმ პირველი დღიდან, როდესაც პირველი ქართველი სამხედრო დადგა უცხო ქვეყნის მიწაზე მშვიდობის დასაცავად და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ორი დღის წინ ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სწორი არჩევანია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს გაკეთებული და რამდენად მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ – ყველანი ერთად ვმონაწილეობთ. ჩვენი ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს ემუქრება ტერორიზმის საფრთხე. ყველა ვხვდებით, რომ ბოროტებას არ აქვს საზღვარი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით, ქართული სახელმწიფო წინ აღუდგეს ამ ბოროტებას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ავღანეთში მიემგზავრებიან მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი, ასევე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი და გვარდიის ოცეული. 42-ე ბატალიონი ქაბულში იმსახურებს, 52-ე ბატალიონი კი ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავს. სამშვიდობი მისია შვიდთვიანია.