ფილიპ ბრიდლავი: ქართველი სამხედროები არიან ურთიერთთავსებადები ნატოსთან
გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ქართველ ჟურნალისტებთან რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა გააგრძელოს პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აწარმოებდა.
„კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების დემონსტრირება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან. კავშირები უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ და მეტი წვრთნა ჩავატაროთ. მსოფლიომ თვალნათლივ უნდა დაინახოს, რომ საქართველო და მისი სამხედროები ურთიერთთავსებადები არიან ნატოსთან და ეს არის მათი მისწრაფება. უამრავი ხალხი ფიქრობს, რომ ალიანსი მარტო სამხედრო სფეროთი შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ეს ნატოს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. თუმცა, იმ ქვეყნების ერთობლიობა, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის, შედგება საერთო ღირებულებებისგან და რწმენისგან. ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ და მსგავსი მიდგომა გვაქვს მსოფლიო პრობლემების მიმართ. სწორედ აღნიშნული სოლიდარობა არის ის უმნიშვნელოვანესი იარაღი, რომელიც უნდა დავუპირისპიროთ არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა.