თინა ხიდაშელმა გენერალ ფილიპ ბრიდლავთან შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალი ფილიპ ბრიდლავს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს და ჟურნალისტებთან შეხვედრის შედეგებიც შეაჯამეს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო გენერალ ბრიდლავს. განსაკუთრებული პატივია ვუმასპინძლოთ გენერალს დღეს, როდესაც მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო 45 დღეა დარჩენილი. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სტუმრობისთვის შეირჩა. მეგობრობის ნათელი დასტურია, როდესაც ადამიანები ამბობენ: „ნახვამდის“ და ამ დროს მიდიან ქვეყანაში, სადაც მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტი მეგობარი და პარტნიორი ჰყავთ და სურთ მათ გაუზიარონ საკუთარი შემაჯამებელი აზრები, რეკომენდაციები, რჩევები. ეს არის სწორედ ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორმხრივად აძლიერებს როგორც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ასევე, ნატო-საქართველოს ურთიერთობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო სიმბოლურია, რომ გენერალი ბრიდლავი ჩვენთან ერთად არის და თბილისში ვსაუბრობთ უსაფრთხოების საკითხებზე. ერთმანეთს ვუზიარებთ პოზიციებს, განწყობებს და ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი იმ ძალიან რთულ მსოფლიოში, რომელშიც ყველანი ერთად აღმოვჩნდით“.
გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მთავარ გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება:
„მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს მომეცა. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო მტკიცე ურთიერთობა, რომელიც აშშ-ის ევროპულ სარდლობას, ნატოსა და საქართველოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებობს. ვიდრე საქართველოში ვიზიტის შესახებ ვისაუბრებ, მსურს კიდევ ერთხელ ავღნიშნო ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც გუშინ ბრიუსელში განვითარდა. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც საშინელი ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ტერაქტს და გავაგრძელებთ ბელგიის და ნატოელი პარტნიორების თანადგომას, იმისთვის რომ დავამარცხოთ ტერორისტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს თავისუფლებას და ცხოვრების წესს. უსაფრთხოების სიტუაცია ევროპაში დღითიდღე მძაფრდება და უფრო კომპლექსური ხდება. გამოწვევები ორი მიმართულებიდან მოდის. აღმოსავლეთიდან გვყავს აგრესიული რუსეთი, რომელმაც თავისი ნებით აირჩია, იყოს მტრულად განწყობილი და გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. სამხრეთიდან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მასობრივი მიგრაცია. ახლო აღმოსავლეთში არსებულმა არასტაბილურობამ და სახელმწიფოების კოლაფსმა იძულებით მიგრაციას შეუწყო ხელი. მიგრანტებს შორის მარტივად ინიღბებიან კრიმინალები და ტერორისტები. რეგიონში ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ კიბოსავით ვრცელდება. ადგილზე არსებული უუნარობით აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს და უპირატესობასაც მარტივად აღწევს, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ევროპულ სახელმწიფოებს.
„ისლამური სახელმწიფოს“ დაუნდობლობა მილიონობით სირიელს და ერაყელს აიძულებს, დატოვონ თავიანთი სახლები, რამაც ჰუმანიტარული კატასტროფის უპრეცენდენტო შემთხვევამდე მიგვიყვანა. ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება და გადავლახოთ ორივე ზემოთ აღნიშნული საფრთხე. ჩვენ სრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში. ვიხილე ხელოვნურად ორად გაყოფილი ქართველი ხალხი. თქვენს მამაც ქვეყანას უშუალოდ აქვს გამოცდილი რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს იძულებითი და კოროზიული გავლენა მის საზღვრებს მიღმა. ახლა კი, იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მსოფლიო არენაზე.
საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესია, შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესები და პრინციპები, დაანაწევროს თავისუფალი სამყარო და გამოწვევა შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს. ნატოსთვის დიდი პატივია ჰყავდეს საქართველოს მსგავსი მტკიცე პარტნიორი, რომელიც აგრძელებს უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
როგორც ყველამ ვიცით, საქართველო გახლავთ ავღანეთის მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ. საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ქართველი ხალხისადმი იმისათვის, რომ ისინი დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას იჩენენ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები 15 წელზე მეტია ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.
ორივე ქვეყნის ჯარისკაცებმა იციან, თუ რას ნიშნავს იყვნენ თანამებრძოლები მზარდი გამოწვევებით აღსავსე დღევანდელ რთულ უსაფრთხოების გარემოში. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაზე და აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდაზე.
ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს. გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკულ ალიანსში. ეს არის ჩვენი პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ჩვენ მოუთმენლად ველით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებას საქართველოსთან, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ჩვენ სტანდარტებთან. ორივე სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ ნატოს ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს.
მაისში „ღირსეული პარტნიორი 2016“ სამი კვირის განმავლობაში თავს მოუყრის ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს ვაზიანის პოლიგონზე, რათა გავაძლიეროთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაბამისი შესაძლებლობები.
წლევანდელი სწავლება იქნება უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული გასულ წელთან შედარებით. ქალბატონო მინისტრო, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი მამაც ქართველ სამხედროებს, რომლებიც თავგანწირვით ასრულებენ მისიას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ძალიან სახიფათო საომარ მოქმედებათა თეატრებში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო კავშირები. საქართველო ნამდვილად ღირსეული პარტნიორია და გვსურს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი ჩვენი ქვეყნებისთვის.“
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესავალი სიტყვების შემდეგ პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.