ნატოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა ეროვნულ სასწავლო ცენტრში განთავსებული ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა.
ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ გენერალს მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია ჩაუტარა.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. აქ ნანახმა ინფრასტრუქტურამ და ხალხმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამიმართლა, რადგან ჩემი ვიზიტი სწავლების მიმდინარეობას დაემთხვა. მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს ხალხი პროფესიონალია და თავიანთ მოვალეობებს ენთუზიაზმით ასრულებენ“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა.
დღის ბოლოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ არსებული სიმულაციური ცენტრიც დაათვალიერა. ნატოელი სტუმარი საშტაბო სწავლებასაც დაესწრო და წვრთნების შესახებ ინფორმაცია სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელობისგან მოისმინა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დელეგაცია საქართველოში ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები