როდის გადადგება დავით ნარმანია?
თანამდებობას დავტოვებ მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კოალიცია “ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, მინისტრის პოსტზე მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
“თანამდებობას დავტოვებ მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება და მე, როგორც მერობის კანდიდატი, ოფიციალურად ვიქნები დასახელებული – ანუ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა დამიწესებს შეზღუდვებს და არ ვაპირებ, კანონი დავარღვიო. აქედან გამომდინარე, დავტოვებ დაკავებულ თანამდებობას. ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ის თავის დროზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აღნიშნა ნარმანიამ.