აღმოსავლეთ სარდლობას შავლეგ ტაბატაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს.
პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინა.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ღირსეულ ოფიცრად დაახასიათეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო პოლკოვნიკ ტაბატაძეს ეს ძალიან მაღალი თანამდებობა, ამავე დროს, მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ის წარმოადგენს ზუსტად იმ ფორმაციის ოფიცერს, რომელსაც გვსურს, უკვე თანდათანობით ჩავაბაროთ მართვის სადავეები. მას აქვს საველე გამოცდილებაც და ძალიან მაღალი დონის სამხედრო განათლებაც, რომელსაც ის ამჟამადაც განაგრძობს გერმანიაში, შესაბამის სასწავლებელში. უახლოეს მომავალში დაგვიბრუნდება დიპლომით, გააგრძელებს თავისი სამსახურის შესრულებას და დარწმუნებულები ვართ, წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ისეთივე წარმატებული სარდალი იქნება, როგორი წარმატებულიც მისი სამხედრო კარიერაა.
„არჩევანი გენერალთან მრავალკვირიანი საუბრის შედეგად მარტივად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვეძებდით სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამეთაურო გამოცდილება, რომლებიც ჯარში არიან ათმეთაურიდან დაწყებული ბრიგადის მეთაურის ჩათვლით გამოცდილებით, ვისაც ნამსახურები აქვთ მისიებში, იციან ამ ტიპის გამოწვევების ყველა შუქჩრდილი. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან რთულ ვითარებაში სწრაფად ოპერირება, აქვთ შესაბამისი დასავლური განათლება და გამოცდილება. ორივე – აღმოსავლეთის და დასავლეთის მეთაურებიც, სწორედ, ამ ნიშნით შეირჩა. ვფიქრობ, რომ პოლკოვნიკი ჯაბახიძეც და პოლკოვნიკი ტაბატაძეც ქართული არმიის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრები არიან. ისინი არიან ახალგაზრდები და ესეც იყო ერთ-ერთი ნიშანი ყველა დანარჩენი სამხედრო მოსამსახურისთვის იმის სათქმელად, რომ თუკი მათი განათლება, გამოცდილება, ჯარში საქმიანობა იქნება მიმართული ერთადერთი ამოცანისკენ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, აქვთ შანსი, დაწინაურდნენ, იყვნენ სამეთაურო რგოლში და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ორივე სარდალს მინდა წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ჯარი მხოლოდ მოგებული დარჩება ამ სიახლეების შედეგად “, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვრამეტი წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.