IV მექანიზებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. IV მექანიზებული ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას საზეიმო ვითარებაში გადასცა.
დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ასეთი ცერემონიალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის. მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. წარმატებები მინდა ვუსურვო ვიცე-პოლკოვნიკ ხვიჩიას. ის ერთ-ერთი სანიმუშო ოფიცერია ქართულ ჯარში. სერჟანტთა სკოლაში, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბატალიონის და პირველი ბრიგადის მეთაურად მუშაობის დროს ვიცე-პოლკოვნიკმა ხვიჩიამ აჩვენა თვისებები, რომელიც ბრიგადის მეთაურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ქართული ჯარის რეალობაში. დარწმუნებული ვარ, მეოთხე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების ერთგვარი ფლაგმანია, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას. რაც შეეხება შალვა ჯაბახიძეს, ის ბოლო ორი დღის განმავლობაში დასავლეთ სარდლობის, პრაქტიკულად, ყველა ბრიგადას წარვუდგინეთ. პოლკოვნიკი ჯაბახიძე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. სწორედ, ამიტომ შეჩერდა ჩვენი არჩევანი მასზე, რომ ამ რეფორმის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ჩავაბაროთ ქვეყნის დასავლეთ შეიარაღებული ძალების მიმართულება. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მიმართულება. მას მივეცით ეს პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია 1979 წლის 26 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო კურსი. 2000 წელს დაამთავრა გერმანიის ოფიცერთა სკოლა. 2009 წელს გერმანიაში გაიარა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული მაღალი დონის უსაფრთხოების კურსი. 2012 წელს აშშ-ში დაამთავრა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (CGSG) ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია 2013-2014 წლებში მონაწილეობდა ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით – „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს „ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და უწყებრივი მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.