საქართველოს მაისში საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს მაისში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ფრანსუა ოლანდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გუშინ ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა. მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე. ფრანგული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უკვე გამოიხატა ვილნიუსის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებისას. საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა საკმაოდ აქტიური და მჭიდროა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. პრემიერმა ფრანსუა ოლანდს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლისათვის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ოფისის გახსნა იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.