კონფერენცია – „ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები“

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა, მსგვასი შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და მოლოდინების მართვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა:
„რაც უფრო ახლოვდება ვარშავის სამიტი, ბუნებრივია, ვითარება იცვლება დინამიურად და ჩვენ ერთი მხრივ, გვინდა, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს, მეორე მხრივ, მათგან მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ, რომ ნატოს კონტექსტში ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება როგორც სამთავრობო დონეზე, ისე საექსპერტო დონეზე. ამიტომ, ეს ურთიერთგაცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ სად რა ხდება, რომელ დარბაზებში რაზეა საუბარი და გზავნილები, მოთხოვნები ყველას ჰქონდეს ერთი. თუ ამოცანა გვაქვს ერთი, საქართველო რაც შეიძლება წარმატებული დაბრუნდეს ვარშავის სამიტიდან, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს გამყარებული ვარშავის სამიტის შემდეგ, მაშინ ჩემი აზრით, ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამ ამოცანას ვემსახურებით, ერთ ენაზე უნდა ვისაუბროთ, ერთი და იგივე მოთხოვნები უნდა გვქონდეს, ეს თანამშრომლობა არსებობს და რაც უფრო ინტენსიურ ფორმატში გადავა, უფრო სასურველია; ცოტა დრო დარჩა სამიტამდე და ბევრი საქმეა გასაკეთებელი “, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
კონსენსუსის შენება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე – ასე განისაზღვრა კონფერენციის მიზანი – რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებთან ერთად და ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტი ესწრებოდა.
მათ განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის საკითხები. გამომსვლელებმა ყურადღება რუსეთის ინფორმაციულ ომზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, ეთნიკური უმცირესობების განწყობასა და კომუნიკაციების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.
– ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი: პროგრესი და პერსპექტები – ამ თემაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ისაუბრა. პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, არსებითი პაკეტის განხორცილების პროცესში კარგი შედეგები და პროგრესი გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით , ვარშავის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვდგებით.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ კონფერენციის მიზანსა და საერთო გზავნილების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო როგორც მთავრობისა და ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ამ გზავნილის ხალხთან მიტანის პროცესში მედიას ენიჭება განსაკუთრებული როლი, გვინდოდა ინფორმაცია მიგვეწოდებინა იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ახლა აქტიურ ფაზაშია შესული და შედეგის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.
კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საუბარს დაეთმო. მერე თემატურ სესიაში კონფერენციის მონაწილეებმა ვარშავის სამიტამდე მოლოდინების მართვასა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრა უკვე მესამედ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები