ბაგრამის ბაზაზე ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთში პატრულირების დროს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. IV ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„მისმა ქმედებამ, მისმა გმირობამ ის სამუდამოდ ცოცხალი გახადა და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება. მინდა მადლობა ვუთხრა მის ოჯახს ასეთი გმირის გაზრდისთვის და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 43-ე ბატალიონის მებრძოლებს, მეთაურებს და გამოვხატო გულისტკივილი და ამავდროულად სიხარული, რომ ასეთი ვაჟკაცები და გმირები ჰყავს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ.
მემორიალის გახსნის ცერემონიალს კოალიციური ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ტაქტიკური დაჯგუფება “Buffalo”-ს მეთაურმა მისიაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„მე, როგორც ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური, ძალიან ვაფასებ ქართველების წვლილს ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კოალიციის პარტნიორებთან და ჩეხებთან ერთად. ისინი გვეხმარებიან, რათა ჩვენი მისია იყოს უფრო წარმატებული. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ღონისძიებაზე ყოფნა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველებს გაწეული სამსახურისა და გაღებული მსხვერპლისთვის,“ – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მეთ მაქკოილმა.