“ღირსების საქმეა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების ქმედებასთან დაკავშირებით ეს ლაქა ჩამოვრეცხოთ ქართულ ჯარს”
ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის ღირსების საქმეა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების ქმედებასთან დაკავშირებით ეს ლაქა ჩამოვრეცხოთ ქართულ ჯარს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხიდაშელის განცხადებით, მისმა უწყებამ მოკვლევის პირველი ფაზა დაასრულა.
„დავასრულეთ მთლიანად მოკვლევის ფაზა – ის, რაც თავდაცვის სამინისტროს შეეძლო დღევანდელი მდგომარეობით. ვიყავი ბრიუსელში, სადაც შევხდი ევროპის სარდლობას, რომელთა მისიის ქვეშაც საქართველოა. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ფრანგებთან. საფრანგეთის სარდლობა იყო პასუხისმგებელი მისიაზე. ჩვენ მივიღეთ სრული წვდომა ყველა საარქივო მასალასთან. ამ მოკვლევის პირველი ეტაპი დასრულებულია“, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება.
“ჯგუფი შედგენილია და მიმდინარეობს მზადება ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრებისთვის. ჯგუფი შედგება სამხედრო პირებისგან, პროკურორებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. ჩემთვის სურათი უკვე ნათელია, უბრალოდ დაველოდებით მათ დაბრუნებას საქართველოში, იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ არ ვიცით ამის საშუალება მოგვეცემა თუ არა, თუმცა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ რათა სიმართლე დადგინდეს,”- აღნიშნა ხიდაშელმა.