ტყიბულელ მოსწავლეებს ავღანეთიდან გამოგზავნილი ჯარისკაცების წერილები გადასცეს
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტი – „წერილები ჯარისკაცებს“ განხორციელდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილები ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადასცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ახალგაზრდებს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისა და ავღანეთში მიმდინარე მისიის შესახებ ესაუბრნენ.
შემდეგ კი პატარა მეგობრებს ვიდეორგოლიც უჩვენეს და აუხსნეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ქართველი ჯარისკაცები მათი თანატოლების მშვიდობასა და უსაფრთხოებას ავღანეთში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შესახვედრად რაიონში ჩავიდნენ ასევე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი – ელისო ჩაფიძე.
ღონისძიებაზე ტყიბულის რაიონის სკოლადამთავრებული, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები – უმცროსი სერჟანტი ფრიდონ ბრეგაძე და კაპრალი ნიკოლოზ ფორჩხიძეც გაიხსენეს. მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოდგენა შესთავაზეს და სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „ცოდნის კვირეული“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა.