თინა ხიდაშელი სამხედრო ატაშეებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა.
უწყებაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგების შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების ინფორმირება იყო. თინა ხიდაშელმა ატაშეებთან შეხვედრის დროს ვარშავის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესიც განიხილა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისტერიალიდან დაბრუნების შემდეგ ატაშეებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ პერიოდული შეხვედრების მუდმივ ფორმატზე შევთანხმდით. გასულ კვირას ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მიუნხენის კონფერენცია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო, დაბრუნების შემდეგ ატაშეებთან გაგვემართა დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებზეც მათ მინისტრებთან ორივე ფორმატის ფარგლებში ვისაუბრეთ, ასევე, შეთანხმებებზე, რომელიც შედგა და პროგრესზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ ვარშავის სამიტამდე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ამით შესაძლებელი გახდა, წერტილები დავსვათ ყველა საკითხზე, რომელიც გასული კვირის განმავლობაში განვიხილეთ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
უცხო ქვეყნის სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმ ღონისძიებებზეც გაუზიარა ინფორმაცია, რომლებიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, ქართულ მხარეს არსებითი პაკეტის ფარგლებში მათი დამატებითი კონტრიბუციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები