პანკისელ ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამსახურში გაიწვევენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს.
რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა.
16 თებერვალს, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყეს. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის მსურველები, რეგისტრაციის შემდეგ ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ.
პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფში გადანაწილდებიან. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელებს და იმ ახალგაზრდებს იღებენ, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.