ვახტანგ კაპანაძე ეროვნული გვარდიის სკოლას ესტუმრა

ეროვნული გვარდიის სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ბაზალეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ეროვნული გვარდიის სარდალთან, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
ვახტანგ კაპანაძემ სკოლაში მიმდინარე მშენებლობა პირადად დაათვალიერა. სკოლის ხელმძღვანელობამ გენერალური შტაბის უფროსს მოსამზადებელი სამუშაოები გააცნო და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„დავათვალიერეთ ჩვენი დანიელი პარტნიორების დახმარებით აშენებული შენობები, სადაც განთავსდება გვარდიის რეზერვის მომავალი სკოლა. აღსანიშნავია, რომ ეს მაღალხარისხიანი და კარგად მოწყობილი შენობები ქართული ფირმის მიერ არის აშენებული. ქვეყნის რეზერვის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მომზადება და სწავლებები, სწორედ, ამ სკოლაში განხორციელდება“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სკოლა გვარდიის უმცროს მეთაურებს მოამზადებს. ცენტრში შეიარაღებული ძალებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელებისთვის კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებებისთვის საჭირო სწავლებებიც გაიმართება. ცნობისთვის, ეროვნული გვარდიის სკოლა მარტში ოფიციალურად გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები