თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლსი და საელჩოს მეორე მდივანი კრის გოფი ესწრებოდნენ,
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწყებაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს, დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლსა და საელჩოს მეორე მდივანს კრის გოფის უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნის საკითხს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებით შეიქმნა.
„სერ გარი ჯონსონი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი და კონსულტანტი იყო. თუკი არსებობს რამე, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისთვის ქვეყანაში სწორედ ასეთი წერტილების გაჩენაა უმნიშვნელოვანესი. აქ ხდება სრული კოორდინაცია, ინფორმაციის თავმოყრა და შესაძლებლობის გაჩენა, რომ ყველა უწყებამ, რომელიც ამა თუ იმ კრიზისის მართვაშია ჩართული, კოორდინირებულად, ერთი სიგნალის რეჟიმში იმუშაოს. ეს ამცირებს დროს გადაწყვეტილების მიღებისთვის და ქმნის რეალურ დროში ვითარებაზე დაკვირვების და რეალურ ადგილზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კრიზისების მართვა ამ სქემის მიხედვით; ასევე უნდა დავიწყოთ დისკუსია იმისათვის, რომ ეროვნული სიტუაციური ოთახი უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეებთან მიმართებაშიც იყოს გამოყენებული,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები