თინა ხიდაშელი აშშ-ს ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ მეთიუ დიმიკს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი დაესწრნენ.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა იყო.