სამხედრო პოლიცია ცენტრალურ აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადება
„სამხედრო პოლიცია ცენტრალურ აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადება“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„ერთადერთი რამ, რაც ჩვენ კრიტიკულად გვჭირდება, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც ველოდებით ჟენევიდან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვინ რა ჩვენება მისცა, როდის, რა თარიღებზეა საუბარი, ამიტომ ველდოებით ამას. პირობა გვაქვს მიღებული, რომ ძალიან სწრაფად მივიღებთ პასუხს. და მეორე – ჩვენი სამხედრო პოლიციის გუნდი, რომელიც იკვლევს ამ საქმეს, ცენტრალურ აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადება“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფ ჯარისკაცებს ადგილობრივი არასრულწლოვნები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გაეროს ცნობით, არასრულწლოვნებმა დაასახელეს მისიის ქართული კონტინგენტის სამხედროებიც.