თინათინ ხიდაშელი სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს თინათინ ხიდაშელს სომეხმა კოლეგამ სეირან ოჰანიანმა თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობა, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთს შორის 2016 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები ერთმანეთს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის, სამხედრო განათლების, წვრთნებისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.
„ძირითადად ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პროექტებზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩვენი სასწავლო ცენტრების გამოყენებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს. ჩვენ გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს მთავარი ამოცანაა, იყოს მშვიდობის მონაწილე რეგიონში. ამ თვალსაზრისით მზად ვართ, ჩვენი როლი ვითამაშოთ, წვლილი შევიტანოთ, ჩვენი სამსახური, მხარდაჭერა შევთავაზოთ ყველას, ვინც ეძებს მშვიდობას და დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის მშვიდობით“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.
თინათინ ხიდაშელმა უკვე გამართა შეხვედრები სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან, პრემიერ-მინისტრთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან და სომხეთის კათოლიკოს პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან კარეკინ II-სთან. ხვალ დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ეროვნული კრების თავმჯდომარესთან გალუსტ საჰაკიანთან.