თინა ხიდაშელი: არავის მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის ქართულ ჯარს
ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არავის მივცე საშუალება, საკუთარი უკანონო ქმედების გამო, ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი მოქმედების გამო შეურაცხყოფა მიაყენოს იმ უზარმაზარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქართული ჯარის სახით; იმ გმირობის ისტორიებს, გარდაცვლილებს, სხვადასხვა მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებითაც ამაყობს ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20:30“-ის წამყვანის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, თუ ანგარიშში გამოთქმული ვარაუდები დადასტურდა, დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ამით საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ეჭვის ქვეშ ვერ დადგება.
„ერთი კვირაა მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ჭეშმარიტების დადგენას. სამწუხაროა, რომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარიატმა აქამდე არ გვაცნობა ეს ფაქტი, მაშინვე, როცა მათთვის გახდა ცნობილი. დარწმუნებული ვარ, დროის ამ პერიოდში ჩვენ რომ ეს ინფორმაცია გვცოდნოდა, სიმართლის დადგენა არ იქნებოდა რთული და დღეს თუ ვინმეს მცდარი წარმოდგენები შეექმნა – ამისგან მაინც დავიზღვევდით თავს, თუ ვინმე დასასჯელია, დასჯილი გვეყოლებოდა. ჩემთვის პირადად, ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას შევალიე უპრინციპულესია, რომ ასეთი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა
უწყების ხელმძღანელმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდეს. ხიდაშელის განმარტებით, ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გაზაფხულზე გავრცელებული მსგავსი განცხადება იოლად გაირკვა, რადგან იმ დროს მითითებულ პერიოდში ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.