თავდაცვის სამინისტრო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  სპეციალური განცხადება გააკეთა.
კომისრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიის შესრულების დროს, სამხედროები სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ, თუმცა ფაქტის მტკიცებულებებზე საუბარი არ არის.
როგორც კაპანაძემ განაცხადა, საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის.
მისი თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას.
“ჩვენ დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებას – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ.
მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის.
ჩვენი მიზანია,  მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და  ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პოტენციურად ეჭვმიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე. მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ, დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს.
ქართული სახელმწიფო და, უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იგივეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი. ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს, და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გამოვიძიოთ ფაქტები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას. მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა“,-აცხადებენ უწყებაში.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული და როგორც მასშია ნათქვამი, გაეროს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები