საერთაშორისო მისიების მუშაობაში რამდენიმე ტექნიკური ცვლილება განხორციელდება

საქართველოს საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ საკითხებს უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, მისიების მუშაობაში რამდენიმე ტექნიკური ცვლილება განხორციელდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
„მისიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების რამდენიმე ვერსია გვაქვს. პატარა ცვლილებები გვინდა მოვახდინოთ იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეები უფრო უკეთესად გრძნობდნენ იქ თავს. თავად მისიების მანდატი განსაზღვრულია ქვეყნის პარლამენტის მიერ. ყველგან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ახლა მიმდინარეობს ამ მანდატების გადახედვა.
მოგეხსენებათ, თებერვალში არის ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ RSM იქნება, მისია, რომლითაც ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთში და უშიშროების საბჭოს უნდა მოვახსენო ყველა იმ დისკუსიის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს.
ჩვენ გაცხადებული გვაქვს მრავალი წელია, რომ ავღანეთში ვრჩებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მისიის დამთავრებამდე. ეს რას ნიშნავს, სწორედ ამის შესახებ არის დღეს ნატოში დისკუსია და ამის შესახებ იქნება ჩემი მოხსენება უშიშროების საბჭოზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი განსახილველი საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნება ნატოს ვარშავის სამიტი და სამიტისთვის სინქრონული მოქმედებების მნიშვნელობას შეეხება საუბარი.
“ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, შესაძლებლობის ფარგლებში ქმედებების აბსოლუტური სინქრონიზაცია მოვახდინოთ. მთავრობაში ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე შეთანხმებული ვართ, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დავით ბაქრაძის უწყება სრული სინქრონიზაციით, ერთიანი გეგმის ფარგლებში ვმოქმედებთ. უშიშროების საბჭოში, მოგეხსენებათ, მთავრობის წევრების გარდა, არიან პარლამენტის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, თავად ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ გვინდა, მათ გავაცნოთ ის გეგმა და სამოქმედო სტრატეგია, რომელიც მთავრობაში მივიღეთ იმისთვის, რომ მთავარი ინტერესი არ დაზიანდეს და ყველამ ერთი და იგივე სამოქმედო გეგმით ერთიანად გაწერილი სისტემით ვიმუშაოთ მთავარი მიზნისთვის, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს დაცული, ვიდრე დღეს არის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები