52-ე მსუბუქ ქვეითთა ბატალიონი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მზად არის
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების შუალედური შეფასება დაასრულა.
ბატალიონის საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული ბატალიონის მოქმედებების შეფასება, სამი კვირის განმავლობაში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ მიმდინარეობდა. დაკვირვების პროცესს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ქვეითი ბატალიონების შეფასების ცენტრი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა „საქართველოს ტრენინგ ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 52-ე ბატალიონი ამოცანაზე ორიენტირებულ დავალებაში შეფასდა. სამი კვირის განმავლობაში დანაყოფმა ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის საველე სავარჯიშოები გაიარა.
V მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე გაიარეს შეტევითი, თავდაცვითი, მობილურობის, წმენდის და სტაბილურობის ოპერაციები.
სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მომავალი მსახიობები ადგილობრივი მოსახლეობის როლს ასრულებდნენ, რაც ქართველ სამხედროებს საშუალებას აძლევდათ, სწავლება მაქსიმალურად რეალურ გარემოში გაევლოთ.
უწყების ცნობითვე, დამკვირვებელთა ჯგუფის შუალედური დასკვნით ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზად არის, გაემგზავროს „აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში“ (JMRC) გერმანიაში.
ამერიკულ ბაზა ჰოჰენფელსში ერთთვიანი დასკვნითი შეფასების შემდეგ 52-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს მიეცემა უფლება, გაემგზავროს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად.