სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ
თავდაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსა“ და ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდნენ.
ქვეითი ბატალიონის შეფასების ცენტრის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ოშხერელმა სტუმრებს სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ დაარსების ისტორია და სტრუქტურა გააცნო.
სტუდენტებისთვის რამდენიმე თემაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, მათ შორის იყო პირველადი დახმარების პრევენცია საბრძოლო მოქმედების დროს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა პრაქტიკულ სწავლებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებსა და სამხედრო ტოპოგრაფიული რუკების წაკითხვისა და კომპასის გამოყენების წესებს. სასწავლო სროლები კი სიმულაციის სასწავლო ცენტრის ვირტუალურ განყოფილებაში ჩატარდა.
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე პირველკურსელებს შეფასების ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ უმასპინძლა. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ავღანეთის კულტურულ-სოციალურ ისტორიისა და არსებული რეალობის შესახებ, მოგვიანებით კი, როლები გაინაწილეს და სადემონსტრაციო ჯგუფი შექმნეს. სადემონსტრაციო ჯგუფები 52-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საველე შუალედური შეფასების სწავლებაში ჩაერთვებიან. სწავლება ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 25-29 იანვარს გაიმართება. მარგარიტა ნინუა, უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტი:
„ჩვენთვის უდიდესი პატივია ჯარისკაცებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობა. იშვიათად შემხვედრია ისეთი მეგობრული გარემო, როგორიც ქართულ ჯარშია. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ადამიანებთან, რომლებსაც მისიის შესრულება ავღანეთში მოუწევთ. დიდი მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს მასპინძლობისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სწავლებაშია ჩართული“.