საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წევრებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.
ნატოელი სტუმრების ვიზიტის მიზანი თებერვალში ნატოში დაგეგმილი თავდაცვის მინისტერიალისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების ანგარიშის მომზადება და საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხილვაა.
საქართველოში სტუმრობის დროს ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს არსებითი პაკეტის ნატოს ძირითად ჯგუფთან (Core Team) და პაკეტის ფარგლებში შემავალი პროექტების ნატოელ და ქართველ ხელმძღვანელებთან.
შეხვედრების დროს ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, კერძოდ კი ნატოსთან დაგეგმვის და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნები (PG), წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთიანი შეფასების დოკუმენტი (WP JA) და 2016 წლის განხორციელების პროგრამა (IP).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები