ავღანეთში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბალხის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ამავე ბატალიონის „ბრავო“ ასეულს ოპერაციის რაიონი და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიით ნაკისრი ვალდებულებები გადააბარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. მას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და ჩრდილოეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი გერმანული ბუნდესვერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ქვედანაყოფების მეთაურთა გარდა, ასეულების პირად შემადგენლობას გერმანული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრეას შრამმა მიმართა.
გერმანელმა ოფიცერმა „ალფა“ ასეულის სამხედროებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ვალდებულებების პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ასეულის უმთავრესი ფუნქცია ბაზაზე დაუყოვნებელი რეაგირების ამოცანების გადაჭრა იქნება.