ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბელგიის სამეფოში ვიზიტის დროს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) მიმდინარე სამხედრო და სამოქალაქო მისიების თემას.
განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს. გენერალმა მიხაილ კოსტარაკოსმა საქართველოს ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მნიშვნელობა.
ცნობისთვის, გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო და უცხოელ კოლეგებს შეხვდა.