32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშია და პროვინცია მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე“ შეასრულებს სამშვიდობო მისიას.
„ბრავო“ ასეული როტაციის წესით 32-ე ბატალიონის ალფა ასეულს ჩაანაცვლებს.
ქართველი ჯარისკაცები გერმანული ბუნდესვერის სარდლობის დაქვემდებარებაში, კოალიციის სხვა წარმომადგენლების გვერდი-გვერდ სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.
ისლამურ რესპუბლიკაში ჩასულ ასეულს ბაზაზე ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე, წარმომადგენლობის მეკავშირე ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი და „ალფა“ ასეულის მეთაური, მაიორი ირაკლი სურგულაძე დახვდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე დღეში გაიმართება.