10 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას აგრძელებს. დღეს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინა 10 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა მიიღო. თბილისში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, N9 კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინები კენჭისყრის წესით გადანაწილდა. კენჭისყრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.
„დავიწყეთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი. ამჟამინდელი გათვლებით სამხედროებს ბინების გადაცემას გარკვეული გრაფიკით შევპირდით. დღეს საცხოვრებელი ბინები გადავეცით დაჭრილი და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, ვინც სიაში იყო და ჯერჯერობით არ ჰქონდათ ბინა მიღებული. 19 იანვრისთვის დაგეგმილი გვაქვს ერთი კორპუსის გადაცემა 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისთვის.
გაზაფხულზე განახლდება პროცესი და უკვე 2016 წლის ბოლოსთვის 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ბინების გადაცემას 2017 წელს დავასრულებთ და 1400 სამხედრო მოსამსახურე, ვისთანაც სახელმწიფოს ეს ვალი გასასტუმრებელი აქვს, უკვე საკუთარ ბინაში იქნება შესახლებული“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ბინების გადასაცემად ვარკეთილში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან – პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან ერთად, მივიდნენ. მათ წვრთნებისა და სამხედრო სწავლებების დროს დაღუპული 8 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და 2 დაჭრილ სამხედროს ახალი ბინების გასაღებები პირადად გადასცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელ ფართებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან ერთად, დაათვალიერეს და ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცეს.