„პატარა ერები დიდი როლით ავღანეთის მისიაში“- The Stars and Stipes საქართველოს წვლილზე წერს
„პატარა ერები დიდი როლით ავღანეთის მისიაში – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The Stars and Stipes ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში პატარა ქვეყნების როლზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც, ძირითადად, საქართველოს წვლილზეა საუბარი.
სტატიის თარგმანს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს,“კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
ბაგრამის საავიაციო ბაზა, ავღანეთი – პატარა ქვეყანას, საქართველოს, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე კონტინგენტი ჰყავს – უფრო მეტი, ვიდრე ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიას.
მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მათი ძალების რიცხვი 2014 წლის იანვრის მაჩვენებლიდან – 57.000-დან 13 000-მდე შეამცირეს, პატარა ქვეყნებს, მათ შორის ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, პროპორციულად უფრო დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში, ვიდრე ნატოს წევრ უფრო დიდი ქვეყნებს, რომლებიც ათასობით სამხედრო მოსამსახურეს აგზავნიდნენ მისიაში.
ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის უფროსის, გერმანელი გენერალ-ლეიტენანტის ფრანკ ლაიდენბერგერის განცხადებით, 42 ქვეყნის ჯარების ყოფნა ავღანეთში, მათი რაოდენობის მიუხედავად (მაგალითად, ისლანდია სულ 2 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი), მნიშვნელოვანი გზავნილია ავღანელებისთვის.
“ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, ავღანელებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ეს არ არის მხოლოდ ორმხრივი ან ნატოს ძალისხმევა, არამედ, მთელი მსოფლიოს თანამეგობრობა მათთანაა, რამდენად მცირეც უნდა იყოს მათი ჩართულობა. დროშები, რომელებიც გარეთ ფრიალებს, არის სიმბოლო ავღანელებისთვის, რომ მსოფლიო აქ, მათ გვერდითაა”,- განაცხადა გენერალმა.
ამ დროისთვის ყველზე მეტი სამხედრო ავღანეთში ამერიკას ჰყავს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე 13 000 სამხედრო მოსამსახურიდან 6 800 ამერიკელია.
მას შემდეგ, რაც ნატომ ერთი წლის წინ ავღანეთში საბრძოლო მისია დაასრულა, მკვეთრად შემცირდა მონაწილე სამხედრო ძალების რაოდენობაც. ნატოს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ კონტინგენტის რაოდენობა მკვეთრად შეამცირა ან საერთოდ გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, თუმცა, პატარა ქვეყნებს ეს არ გაუკეთებიათ.
ბრიტანეთს ახლა ავღანეთში 500 სამხედროზე ნაკლები ჰყავს, როცა 2014 წლის იანვრამდე მათი რიცხვი 5 200-ს შეადგენდა და ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მას კი გერმანია და იტალია მოსდევდნენ.
გენერალ ლაიდენბერგერის განცხადებით, პატარა ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
“მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც რაოდენობრივად, ასევე იმ რისკით, რომელსაც ისინი სწევენ მიწისზედა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიზნით”, – აღნიშნა მან.
22 დეკემბერს, 24 საათიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაგრამის ბაზასთან 6 ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, როდესაც ქართველები პირველები გავიდნენ პატრულირებაზე.
“ქართველები ძალიან ვწუხვართ, რადგან დავკარგეთ მეგობრები და თანამებრძოლები”,- განაცხადა პოლკოვნიკმა მანუჩარ ბაქრაძემ, რომელიც ბაგრამში ქართულ ბატალიონს ხელმძღვანელობს.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბაზაზე უნდა ჩავკეტილიყავით”,- დაამატა მან.
საქართველოს, ქვეყანას, სადაც დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ავღანეთში 870 სამხედრო ჰყავს, რუმინეთი კი მეხუთე ადგილზეა 650 სამხედრო მოსამსახურით. მონღოლეთი 120 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი და დროგამოშვებით მათაც უწევთ სარისკო მისიის შესრულება მაზარ-ი-შარიფთან მდებარე ბაზის დასაცავად.
ისლანდიასაც კი, რომელსაც რეგულარული არმია არ ჰყავს, ავღანეთში ორი მოსამსახურე ჰყავს, ისინი მედიამხარდაჭერასა და ქალთა უფლებების კამპანიებზე მუშაობენ.
ქართველები პატრულირებას ახორციელებენ, ბოსნიელი სამხედროები კი ბაგრამის ბაზის გამშვებ პუნქტებზე მორიგეობენ. ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკ ბრედლი გროსვენორის განცხადებით, რომელიც ქართველებთან მუშაობს, ამით ისინი საშუალებას აძლევენ სხვა სამხედროებს, კონცენტრირება მოახდინონ ავღანელი სამხედროების წვრთნაზე.
“ჩვენ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას მათ გარეშე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ნაკლებ ამერიკელს უწევს ბაზის უსაფრთხოებაზე ზრუნვა”,- აღნიშნა მან.
საქართველოს შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, უნებლიეთ “აიძულა” ქვეყანა, შეენარჩუნებინა ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა ავღანეთში. საქართველოს ჰქონდა ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველი ომი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს და მისთვის ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიაა.
“ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, გავხდეთ ნატოს წევრი, რათა უზრუნველვყოთ ფარი ძველი მტრებისგან დასაცავად”, – ამბობს უფროსი ლეიტენანტი არჩილ ჭრელაშვილი.
დაბომბვის შემდეგ, რომელსაც 6 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ბარბაქაძე მაინც გაუძღვა თავის ჯარისკაცებს, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა არმიის თანამებრძოლებთან ერთად, ფარვანის პროვინციის გუბერნატორთან წინასწარ დაგეგმილ შეხვედრაზე.
ავღანეთში 28 ქართველი დაიღუპა და რისკის ილუსტრაცია იყო დღე, როცა ქართველი სამხედროები პროვინციის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მიდიოდნენ იმ გზით, სადაც ჯერ კიდევ ეყარა აფეთქებული მოტოციკლის ნარჩენები, რომელსაც ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბარბაქაძე რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა, მსახურობდა ერაყშიც, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ჭურვის ნამსხვრევებისგან დაიჭრა, მას არაფრის ეშინია.
“თუ ჩვენ გვსურს, ვინმე დაგვეხმაროს, ჩვენც უნდა დავეხმაროთ სხვებს”,- განაცხადა მან.