აკადემიის მსმენელთა საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წარმატებით დაასრულეს.
საზეიმო ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის მსვლელობისას სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც. მსმენელებს სწავლების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი 24 ნოემბერს დაიწყო და 5 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სამხედრო მოსამსახურებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ხუთი კვირის განმავლობაში მათ სამწყობრო და ფიზიკური მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების, კავშირგაბმულობისა და სამხედრო ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები გაიარეს. განსაკუთრებული ყურადღება საცეცხლე მომზადებას დაეთმო. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე თავდაპირველად 66 მსმენელი ჩაირიცხა. კურსი წარმატებით გაიარა 62-მა მსმენელმა, მათ შორის სამმა ქალბატონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები