თინათინ ხიდაშელი: 17 705-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია და ძალიან ვამაყობ ამით

ბოლო ორი თვის განმავლობაში 4 მილიონი ლარის პრემია გავეცი თავდაცვის სამინისტროში – 17 705-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტროში პრემია არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ მიუღია.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში 4 მილიონი ლარის პრემია გავეცი თავდაცვის სამინისტროში – 17 705-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია. ჩვენ არ გაგვიცია პრემია პოლკოვნიკებზე, უფრო მაღალი წოდების წარმომადგენლებზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებზე. არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ მიუღია თავდაცვის სამინისტროში პრემია და ასევე გაგრძელდება, ვიდრე მე თავდაცვის მინისტრი ვიქნები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებთან საუბრისას განმარტა, რომ პრემიების გაცემის დროს აქცენტი დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებზე გაკეთდა. „გიორგობისთვის და საახალწლოდ პრემია მიიღო ხალხმა, რომლებსაც არასდროს პრემია არ მიუღია – აქ საუბარია დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებზე. მე, პირადად, ძალიან ვამაყობ ამით. ბიჭები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ჩვენს სიმშვიდეს იცავენ, იმსახურებენ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ვუთხრათ მადლობა ამ ფორმით“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. მისივე განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები გაიზარდა კიდეც და ეს ბიუჯეტშიც გარკვევით წერია.
მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ვალდებულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი კორპუსი უკვე დასრულებულია და, 19 იანვრამდე საცხოვრებელი ბინები 245 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. „თავდაცვის სამინისტროს ბინების გადაცემის ვალდებულება 1400 სამხედრო მოსამსახურის წინაშე აქვს შესასრულებელი. 2016 წლის ბოლომდე 700 ბინას გადავცემთ კიდევ და 2017 წელს დასრულდება ეს პროცესი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები