სახმელეთო ჯარები ახალი ქართული ხორცით მარაგდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის 14 სამხედრო ბაზა ახალი ქართული ხორცით მარაგდება. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალი ქართული ხორცით დამზადებული კერძები თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ ჟურნალისტებთან ერთად დააგემოვნეს. ადგილობრივი წარმოების ახალი ხორცის შეტანა ქართულ ჯარში უპრეცედენტოა და საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.
ქართული საქონლის ხორცის შესასყიდად ღია ელექტრონული ტენდერი 27 ოქტომბერს გამოცხადდა. ტენდერში შპს „ახალმა ხორცმა“ გაიმარჯვა. თინათინ ხიდაშელმა ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ქართული ჯარის მომარაგებისა და ქართული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ზაფხულში საზოგადოებას პირობა მივეცით, რომ ქართულ ჯარში ქართულ კვებას თანდათანობით შემოვიტანდით. ეს ძალიან ბევრ მიზანს ემსახურება. გარდა იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ჯანსაღ, ახალ საკვებს იღებენ, ეს ეხმარება ქართული წარმოების განვითარებას, ასაქმებს ხალხს ჩვენს ქვეყანაში.
კვებაში დაახლოებით 40 მილიონამდე ლარს ვხარჯავთ და ამ თანხის უზარმაზარი ნაწილი მიდის ქვეყნის გარეთ.
ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, მით უმეტეს, სოფლის მეურნეობის იმ პროგრამების პირობებში, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყო… იანვრიდან მთელ საქართველოში ყველა საჯარისო ფორმირება უკვე ქართულ ხორცზე გადავა. იანვარში ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს ქათმის ხორცზე, თანდათანობით ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ბოსტნეულსა და ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ყველაფერს მხოლოდ ორგანიზება სჭირდება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც ჯანსაღი პროდუქტით ჩვენი ჯარის მომარაგებას, ასევე ქართული ბიზნესის განვითარებას. 2016 წელს სხვა მიმართულებითაც ბევრი გეგმა გვაქვს და სასიამოვნო სიახლეებს ვაუწყებთ ქართულ საზოგადოებას”,- განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაცაა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ 32 ელექტრონული ტენდერი 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტზეა გამოცხადებული, რომლის საერთო ღირებულება 15 178 726 ლარს შეადგენს. დღესვე დგება ვაჭრობა, რის შედეგადაც გაიმართება შერჩევა-შეფასების ეტაპი და გამოვლინდება გამარჯვებული მომწოდებლები აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და გორის რაიონში. ღია ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულება კი 2016 წლის 15 იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით გაფორმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები