მაზარ-ი-შარიფში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.
ძირითადი ფაზის დაწყებამდე ოპერაციაში მონაწილე ოცეულის მეთაური, კაპიტანი ირაკლი თოლორდავა ქვედანაყოფს გადაადგილებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა სოფლების – კამპშაჰისა და ჰუსეინაბადის ბავშვებს თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შეგროვილი სათამაშოები დაურიგეს. ჯარისკაცებმა პატარებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში თამაშიც მოასწრეს. ასეულის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი უმთავრესი პრობლემებით დაინტერესდა.
ჰუმანიტარული ოპერაცია სამი საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ბუნდესვერის კუთვნილი ხუთი ჯავშანმანქანა „დინგო 2“. ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში უკვე ხუთი თვეა ჩართულია. რამდენიმე კვირაში მას ამავე ბატალიონის “ბრავო“ ასეული ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები