გიორგი თავდგირიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე სტუდენტებს შეხვდა.
პოლკოვნიკმა წაიკითხა ლექცია თემაზე – „საქართველო 21 – საქართველოს შეიარაღებული ძალები ტრანსფორმაციის პირობებში“.
ღონისძიება პროგრამის – „შეხვედრები სტუდენტებთან“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი თავდგირიძემ სტუდენტებს ქვეყნის თავდაცვის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების გეგმები გააცნო.
თადარიგის პოლკოვნიკმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ მხარდაჭერასა და შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად ჩამოყალიბებისა და სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ.
მისი განცხადებით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსიაში ახალგაზრდების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„არმია, სამხედრო საქმე, ეს არ არის განყენებული თემა, ეს არ არის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი კორპორაცია, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება, რა მიმართულებით წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ახალგაზრდებმა, იმ ადამიანებმა, ვისი დასაცავიც არის ქვეყანა, იცოდნენ, თუ როგორ არიან ორგანიზებული შეიარაღებული ძალები, რა სტრუქტურები, რა შესაძლებლობები ექნებათ შეიარაღებულ ძალებს იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყანა. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის – სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობა“, – აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.