ვახტანგ კაპანაძემ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე მოინახულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აფხაზეთის ომის ვეტერანს, საბრძოლო ვითარებაში დაშავებულ თადარიგის უფროს ლეიტენანტს, თემურ სახოკიას ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც გამოიარა დიდი ბრძოლები, დიდი ომი, ფიზიკური ტრავმა, სულიერი ტრავმა და მყარად დადგა ფეხზე. დღეს ის ქვეყანას უზრდის მომავალს და იმავდროულად „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეხმარება როგორც ქართულ, ასევე უკრაინელ მოსახლეობას. ის ჩვენი თანამებრძოლია და მიხარია, რომ ბრძოლის წინა ხაზზეა ჩვენთან ერთად. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი და არავინ უნდა იყოს დავიწყებული. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არიან და ისინი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ მათ,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ცნობისთვის, თემურ სახოკია 1993 წლის მარტში გუმისთასთან, განაღმვითი სამუშაოების შესრულების დროს დაიჭრა. იგი მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის საინჟინრო-მესანგრეთა ასეულის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა. თემურ სახოკია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერია.