სამხედრო მოსამსახურეებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება უტარდებათ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის – „მხარი მხარს“ ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.
ამ დროისთვის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ გამგზავრებამდე IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეულის ფსიქოლოგიური შემოწმება მიმდინარეობს.
შემოწმებას ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქიატრები და კლინიკური ფსიქოლოგები ატარებენ. პროცედურა აშშ-ში აპრობირებული პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება, რასაც თან ინდივიდუალური გასაუბრება ახლავს. შემოწმების შემდეგ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია ეძლევა.