შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ზაზა ს. და 1974 წელს დაბადებული გელა ტ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა და ნიღბიანმა დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან 50 000 ლარამდე გასტაცეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს, ხოლო მესამე პირის დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ბანკის სალაროდან გატაცებული თანხის ნაწილი, ხოლო გელა ტ-ს საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიდმინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).