კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების 2015 წლის მეორე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
აკადემიაში პირველი ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსის დაარსების 10 წლის იუბილეც აღნიშნეს.
კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სიტყვით მიმართეს და სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს.
„კაპიტნის საკარიერო სკოლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი სამხედრო განათლების სისტემაში. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს 104 კიდევ უფრო განათლებული და მაღალ დონეზე მომზადებული ოფიცერი შეემატა. დღეს საკაპიტნო სკოლის 10 წლის იუბილეცაა. ამ დაწესებულების შექმნა- ჩამოყალიბება იყო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემის განვითარებაში. მანამდე მხოლოდ ძირითადი ოფიცრის კურსი გვქონდა. ამ სკოლის ჩამოყალიბების შემდეგ კი შევძელით და ჩამოვაყალიბეთ სამეთაურო საშტაბო კურსები. დღეს ჩვენი ოფიცრები ემზადებიან და მაღალ, ნატოს სტანდარტების განათლებას იღებენ“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
კაპიტნის საკარიერო სკოლის სხვადასხვა კურსი წარმატებით 104-მა ოფიცერმა დაასრულა. მათ შორის ერთი ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო მივლინებული. კურსდამთავრებულებს სწავლების შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსების გამოშვებას და საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი 2004 წელს, აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩევლების მხარდაჭერით შეიქმნა. სასწავლო კურსზე პირველი ნაკადი 2005 წლის 17 იანვარს მიიღეს.
ამჟამად სკოლის შემადგენლობაში 9 გვარეობის კურსი შედის. ესენია: მანევრის, არტილერიის, საინჟინრო, ლოგისტიკის, პერსონალის, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის კაპიტნის საკარიერო კურსები. კაპიტნის საკარიერო სკოლის პროგრამა ოფიცრის განათლების შუალედურ საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ტაქტიკური დონის განათლება. კაპიტნის საკარიერო სკოლა 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა.